ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ტურისტები ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან შემოჰყავს, იწყებს ერთობლივ პროექტს National Geographic – თან სამოგზაურო ტურების მომზადების შესახებ. აღნიშნული სერვისის მომხმარებლები ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, ახალი ზელანდია და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან. კომპანია ტურისტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს ტურიზმის სექტორი გამოწვევის წინაშეა. “ჩვენ მივესალმებით ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც შეძლებს გაზარდოს საქართველოში ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას ინგლისურენოვან ქვეყნებში, როგორც უნიკალური ბუნების, კულტურის, ღვინის და, რაც მთავარია, უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას,” – განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს ტურისტების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.
National Geographic-ს საქართველოში ტურისტული მომსახურების გასაწევად პარტნიორობას გაუწევენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ია თაბაგარი და მისი ამერიკელი პარტნიორი, კომპანია “MIR Corporation” – ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი დუგლას გრეიმსი.
“ჩვენ რამდენიმე წელია, რაც ჩამოგვყავს ტურისტები საქართველოში აშშ-დან და ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას. ამჯერად, National Geographic-თან ერთად, ვიწყებთ სამოგზაურო პროგრამას, რომლის ძირითადი სამიზნე ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ ისეთი ტურისტების მოზიდვაზე საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან კულტურული ტურიზმით,” – განაცხადა დუგლას გრეიმსმა. მისი თქმით, მისი კომპანია თანამშრომლობს ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტთან, ამდენად, მუშაობა წარიმართება ისეთი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც საგანმანათლებლო მოგზაურობით არიან დაინტერესებული.
“ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი პენსიონერები არიან, რომელთაც აქვთ საკმარისი დრო და შემოსავალი, რადგან ჩრდილოეთ ამერიკიდან საქართველო საკმაოდ შორია. ამავე დროს, ასეთი ტურისტები გამოცდილი მოგზაურები არიან. ისინი მსგავს ტურებში ბევრ ქვეყანაში არიან ნამყოფნი,” – განაცხადა MIR Corporation” – ის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა დუგლას გრაიმსმა.