აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დაკეტვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ასევე ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს.
„ჩვენთვის ეს სიტუაცია მიუღებელია, იზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ აუცილებლად მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ჟენევის მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომ გამოამჟღავნონ კონსტრუქციულობა და მისცენ ადამიანებს გადაადგილების უფლება, რომლებსაც ეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული მიზნებისთვის ესაჭიროებათ. საუბარია თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებაზე.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, მსგავსი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.