მრავალგზის დაგვისვამს კითხვა: რატომ ჩქარობს ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას და რატომ ტოვებს ქვეყანას ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში?
ზოგი ამას დასავლეთის და საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც ივანიშვილი უკვე ვერ უმკლავდება! დანარჩენები კი თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა ფარული შეთანხმება იმალება, თუმცა, ვისთან არის მიღწეული ეს შეთანხმება, ბოლომდე გაურკვეველია.
ამასთან, გაურკვეველია რა შედეგებით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები და რა კონფიგურაციებს მივიღებთ სახელისუფლო ვერტიკალზე.
მარგველაშვილი თავისი ლიბერალური მრწამსისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი გარემოცვის (იგულისხმება სოროსელებთან და ე.წ. რეფორმატორებთან მეგობრობა) გამო არ იმსახურებს ამომრჩევლის უპირობო მხარდაჭერას. მითუმეტეს, რატომ უნდა მივცეთ მას ხმა, თუ მისი პროტეჟე ვის სახელსაც იგი ამოეფარა, არჩევნების შემდეგ წავა პოლიტიკიდან?! „ქართული ოცნების“ კანდიდატს პოლიტიკური ნებაც რომ ჰქონდეს (არადა, ესეც საეჭვოა) ვერ შეძლებს დააბალანსოს სიტუაცია ქვეყანაში. მითუმეტეს, თავისი პრინციპებიდან გამომდინარე, მარგველაშვილს სურვილიც არ გაუჩნდება უარი თქვას თავსმოხვეულ კოჰაბიტაციაზე და წერტილი დაუსვას დამნაშავეთა კასტის თავხედობას!
პირადად ჩემთვის გაურკვეველია, რას ნიშნავს მარგველაშვილის სიტყვები, „თავის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს“(?!) თუ ივანიშვილის მიერ გატარებულ საკადრო პოლიტიკას გადავხედავთ, შეიძლება მან ამჯერადაც პრემიერის უსახური კანდიდატურა შემოგვთავაზოს და ამ შემთხვევაშიც ტაში უნდა დავუკრათ?!
მიუხედავად ქართული საზოგადოების წინაშე მისი დამსახურებისა, ივანიშვილს უფლება არა აქვს შუა გზაზე მიატოვოს ქვეყანა და ჯოჯოხეთურ წარსულში დაბრუნების წინაპირობები შექმნას. მას ამის უფლება არა აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 1ოქტომბერს ამომრჩეველმა ხმა მისცა „ნაციონალური“ რეჟიმის დასამარებას და არა ამ რეჟიმის გასვლას 1 წლიან „შვებულებაში“!
ხმამაღლა ვაცხადებ: არ არის მარგველაშვილი ის კანდიდატი, რომ მან უპირობო მხარდაჭერა მიიღოს, თუ ივანიშვილი ხელისუფლებას დატოვებს. მართალია, ადრე ვწერდით და ვამბობდით, რომ პრეზიდენტი იქნება ის, ვისაც ივანიშვილი დაასახელებს და შეიქმნა ასეთ ფორმულაც: ვამბობთ მარგველაშვილს, იგულისხმება ივანიშვილი. მაგრამ, დღეს ამ ფორმულამ ძალა უკვე დაკარგა _ ვერ გავიგე, რატომ უნდა მივცე ხმა მარგველაშვილს, თუ მის ზურგს უკან ივანიშვილი არ იქნება?!
ლოგიკურად ისმება კითხვა: ვის თამაშს თამაშობს ივანიშვილი? ემპირიული დაკვირვებით (მკაცრი ლოგიკითაც), დღევანდელი სურათი და ივანიშვილის პოლიტიკიდან ნაადრევი გაუჩინარება ქვეყანას კარგ პერსპექტივას არ უქადის. თუ რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღმა ეფექტური პოლიტიკური სვლები არ იმალება. ამ სვლებში უპირველესად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და არასაპარლამენტო ოპოზიციური კანდიდატის გაპრეზიდენტებისთვის ხელშეწყობა იგულისხმება. ნიშანდობლივია, რომ პირველი სვლა პირდაპირ დაკავშირებულია მეორესთან.
ცოდვას ვერ ვიტყვით _ ივანიშვილმა კარტბლანში მისცა საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს იმით, რომ სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა, მაგრამ არის კი საზოგადოება მზად იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს?! იმდენად მიზანმიმართულად მუშაობს ეშმაკის მანქანა, რომ ლამის დაარწმუნონ საზოგადოება-პირველ-მეორე ადგილებს მარგველაშვილი-ბაქრაძე გაიყოფენ და არ არის გამორიცხული, მეორე ტურში ბაქრაძემ მარგველაშვილი დაამარცხოს კიდეც. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აყვა ეშმაკის მოციქულებს, რომ ოპოზიციის ყველაზე რეალურ კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს თავისი წარსულის გამო ხმა არ უნდა მივცეთ და შევეგუოთ იმას, რასაც ისინი ჩაგვჩიჩინებენ!
დიახ, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ყველაზე უალტერნატივო კანდიდატად ნინო ბურჯანაძე მიმაჩნია. სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმას, რომ წარსულის ქექვაში შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას!
მითუმეტეს, ბურჯანაძის პოლიტიკური ხედვა და ბრძოლისუნარიანობის ჟინი არსებითად ესადაგება საქართველოს დღევანდელ ვითარებას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ის მართლაც დაუსვამს წერტილს თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას და „ნაციონალებს“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!
რაც შეეხება ივანიშვილს, ვფიქრობ, მას გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე. აქედან გამომდინარე, კრიტიკულ სიტუაციაში განზე გადგომა და აბურდულ-დაბურდულ მდგომარეობაში ქვეყნის დატოვება მას პოლიტიკურ (მორალურ) დივიდენდებს ვერ მოუტანს. არც იმ ზღაპრის მჯერა, რომ სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებით თავისუფლად შეძლებს პოლიტიკური ბალანსის მიღწევას. ანალოგიური მაგალითი მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს და არა მგონია, ამ მხრივ ქართველები ნოვატორები გავხდეთ!