. » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    მაი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» ბულგარული გამოფენა ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : .
ნანახია: 2701

ინტერვიუ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ირინა ჯავახაძესთან

.


რატომ, როდის და რა მიზნით შეიქმნა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია?

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია დაარსდა 2013 წლის 31 დეკემბერს USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის ხელშეწყობით. მასში თხილის სექტორში დასაქმებული 26 გადამამუშავებელი/ექსპორტიორი კომპანია არის გაერთიანებული.
თხილის სექტორი სოფლის მეურნეობისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ნაწილია. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს თხილის სექტორის პოპულარიზაციასა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია დაეხმარება წევრებს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ასევე იურიდიული და ფინანსური პრობლემების მოგვარებაში. ასოციაცია აქტიურად მუშაობს თხილის ხარისხის, წევრი კომპანიების გაყიდვებისა და ფინანსური უნარ-ჩვევების ამაღლებაზე ტრენინგების გზით. ამას გარდა, თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე საფინანსო ინსტიტუტებთან დარგში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

რა პოტენციალი გააჩნია სოფლის მეურნეობის ამ დარგს? როგორია ექსპორტის ტენდენცია, რომელ ქვეყნებში გადის თხილი?

.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა თხილის მსოფლიო უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2013 წლის მონაცემებით თხილი მესამე ადგილზეა საქართველოს მთლიან ექსპორტში და ექსპორტირებული თხილის საერთო ღირებულებამ 167 000 000 აშშ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, ამ სექტორში დასაქმებული პირების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ საქმიანობას ძირითადად თხილის შეძენა - რეალიზაცია წარმოადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი გადამუშავდება, ხოლო მიღებული პროდუქცია (თხილისგული, ნაჭუჭი და ა.შ.) საზღვარგარეთ გადის.
დღეს თხილის ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშე თურქეთია, მას ბაზრის დაახლოებით 75% უჭირავს, შესაბამისად ბაზარზე ფასის განმსაზღვრელიც ის არის, მას მოსდევს იტალია, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი და საქართველო ინაწილებენ.
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ევროპის და აზიის უმეტეს ქვეყანაში, კერძოდ: უკრაინაში, რუსეთში, ჩეხეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ერაყში და სხვა.

ძირითადად, რა პრობლემების წინაშე დგანან გადამამუშავებელი/ექსპორტიორი კომპანიები დღეს?

ამ ეტაპზე თხილის გადამამუშავებელი კომპანიები დგანან საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემის წინაშე. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის“ ბრძანებით 2012 წლის 3 სექტემბრიდან (ბრძანება #16141) დაუმტვრეველი თხილის გადამუშავებისას შრობის (ტენის შემცირების) საწარმოო დანაკარგი აგვისტოს თვეში თითოეულ შესყიდულ პარტიაზე განისაზღვრა 18%-ის ოდენობით, ხოლო სექტემბერში - 8%-ით. გარდა ამისა, ბრძანებით განისაზღვრა ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში თხილის შენახვისას შრობის (ტენის შემცირების) საწარმოო დანაკარგი თითოეულ შენახულ პარტიაზე 0.1%-ის ოდენობით.
აღნიშნული ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ნორმების გამოყენება ამ ბიზნესში დასაქმებული კომპანიებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან შეუძლებელია სხვადასხვა თვეებში (აგვისტო-სექტემბერი) შესყიდული თხილის პარტიების ცალ-ცალკე აღრიცხვა გადამამუშავებელი საწარმოო პროცესის შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, ბრძანებით გაურკვეველია, რომელ პერიოდში შესყიდულ თხილის პარტიებზე ვრცელდება ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში თხილის შენახვისას დადგენილი შრობის საწარმოო დანაკარგის ნორმები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრძანებით დადგენილი საწარმოო დანაკარგების ნორმებში არ არის გათვალისწინებული ამ მიმართულებით ბიზნესში არსებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: საქართველოში თხილის მოსავლის აღება, ძირითადად, მიმდინარეობს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. მოსავლის აღების მომენტში თხილის ტენიანობა 40%-ს შეადგენს. ვინაიდან მაღალი ტენიანობის თხილი ფუჭებადია, ტენიანობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს, რაც 6%-ია (მაქსიმალური დასაშვები ზღვარი). ლოგიკურად, თხილის 40%-დან 6%-მდე დაყვანის შემთხვევაში დანაკარგი 34%-ს უნდა შეადგენდეს, მაგრამ ვინაიდან შრობის პროცესის დროს თხილი ნაჭუჭიანად შრება და შრობისას დანაკარგი უფრო მეტია (თხილი შედგება თხილის გულისა და ნაჭუჭისგან და არ არის ერთგვაროვანი მასა), 34%-ს აღემატება და 38%-40 %-ის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად აგვისტო-სექტემბრის თვეებში ხდება მოსავლის აღება და ამ პერიოდში თხილს აღენიშნება მაქსიმალური ტენიანობა, ივლისის თვეშიც ხშირად იღებენ მოსავალს, რომლის დროსაც თხილის ტენიანობა 40%-ის ფარგლებში მერყეობს. მოქმედი საგადასახადო ნორმებით ივლისის თვეში შრობის კოეფეციენტი არ არის გათვალისწინებული და 0-ს უტოლდება, ვინაიდან საგადასახადო სამსახური არ ითვალისწინებს ივლისის თვეში ახალი მოსავლის აღების შესაძლებლობას. შედეგად, თხილის გადამამუშავებელ კომპანიებს უწევს თხილის შრობა და ნახულობენ დანაკარგს 38%-40%-ის ფარგლებში, რასაც საგადასახადო სამსახური არ ცნობს და კომპანიები დიდი პრობლემის წინაშე დგებიან. ამ პრობლემის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან თხილის გადამამუშავებელი კომპანიები ვერ შეცვლიან თხილის გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესს.
სექტემბერში მოქმედი საგადასახადო ნორმა არის 8%, რაც ასევე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამის დასტურად შეიძლება მოყვანილ იქნას შპს „აერ კომპანის“ მაგალითი. კერძოდ, კომპანიამ მოიწვია სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, რომლის დასკვნის თანახმად სექტემბერში შრობის დანაკარგი 22,92%-ს შეადგენდა.

აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საგადასახადო ვალდებულებებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე, შესაბამისად ქართული კომპანიები ვარდებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან ამ ბიზნესში პროდუქციის ფასის ფორმირება ხდება საერთაშორისო ბაზარზე.
მიგვაჩნია, რომ ამჟამად მოქმედი ნორმები, რომელიც მიღებულია თხილის დარგში დასაქმებულ და გამოცდილ სპეციალისტებთან შეუთანხმებლად, მოუქნელია, მოწყვეტილია დარგში არსებულ პრაქტიკას. მიზანშეწონილია გაუქმდეს ამჟამად მოქმედი ნორმები და საგადასახადო სამსახურმა იმოქმედოს გადამამუშავებელი კომპანიების მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში ხდება ან ბრძანებაში განხორციელდეს ცვლილებები.
ამას გარდა, თხილის გადამამუშავებელი კომპანიები გარჩეულ თხილის გულსა და ნაჭუჭს იძენენ როგორც მცირე საწარმოებისგან (დამამზადებლები), ასევე ერთმანეთისგანაც ექსპორტისთვის საჭირო საქონლის პარტიის შევსების მიზნით. ვინაიდან თხილის გული და ნაჭუჭი არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქციას, გადამამუშავებლების მიერ ერთმანეთისგან ან დამამზადებლებისგან გარჩეული გულისა და ნაჭუჭის მიწოდება იბეგრება დღგ-თი. შედეგად, გადამამუშავებელი კომპანიები იხდიან დღგ-ს, რაც მათ უმცირებთ საბრუნავ საშუალებებს. ვინაიდან ისინი ორიენტირებულები არიან ექსპორტზე, გადახდილი დღგ რჩებათ საგადასახადო აქტივში, ხოლო მისი დაბრუნება დაკავშირებულია დროსთან და შესაბამის პროცედურებთან.
აღნიშნული საკითხის დარეგულირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ყველა სახის თხილის გული და ნაჭუჭი ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. მსგავსად ყველისა და დამუშავებული ხორცისა, რადგან ეს პროდუქცია საბოლოოდ გადის ექსპორტზე და საგადასახადო კანონმდებლობით გადახდილი დღგ ექვემდებარება დაბრუნებას. შესაბამისად, გათავისუფლების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ფისკალური შედეგი (ბიუჯეტში გადასახადების შემცირება) არ წარმოიქმნება.
ჩვენ წერილობით უკვე მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ საკითხების მოგვარების მიზნით შევხვდით მინისტრს, რომელიც მხარდაჭერას დაგვპირდა. ამას გარდა, წერილობით მივმართეთ ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და საგადასახადო ომბუდსმენს.




 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა