იურიდიული კონსულტაცია » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : იურიდიული კონსულტაცია
ნანახია: 2274

იურიდიული კონსულტაცია

რუბრიკას უძღვება „ბიზნესისა და კანონმდებლობის“ იურიდიული კონსულტანტი ირინა ღლონტი

უარი სამკვიდროს მიღებაზე, სამკვიდროს გაყოფა, დაცვა და კრედიტორთა დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

ჩვენი ჟურნალის 2011 წლის ერთ-ერთ ნომერში მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გვქონდა საუბარი. სტატიას მრავალი დაინტერესებული მკითხველი გამოეხმაურა. ამჯერად, მათი უმრავლესობა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმასთან, სამკვიდროს გაყოფასა და დაცვასთან, მემკვიდრეთა მიერ კრედიტორთა დაკმაყოფილებასა და სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკაშირებული საკითხების განმარტებას გვთხოვს.
სიამოვნებით ვასრულებთ თხოვნას და განვმარტავთ, რომ როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა უნდა გააფორმოს ნოტარიუსმა, ამიტომ ბუნებრივია კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმაზე მემკვიდრემ აუცილებლად უნდა მიმართოს განცხადებით სამკვიდროს გახსნის ადგილზე სანოტარო ორგანოს.
მემკვიდრემ მთლიანად უნდა მიიღოს სამკვიდრო ან მთლიანად უნდა თქვას უარი მასზე. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე. მაგალითად, არ შეიძლება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე იმ პირობით, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა გადაუხადონ მას განსაზღვრული თანხა. ასევე, არ დაიშვება უარი ანდერძით მემკვიდრეობაზე და თანხმობა იმავე ქონების მიღებაზე კანონით.
კანონით გათვალისწინებული იმ მითითებიდან გამომდინარე, რომ არ დაიშვება სამკვიდროს ნაწილის მიღება და ნაწილზე უარის თქმა, დაუშვებელია ყველა შემთხვევაში გაკეთდეს დასკვნა, რომ განცხადება სამკვიდროს ნაწილის მიღებაზე ბათილია. მაგალითად, თუ მამკვიდრებელს, რომელსაც ანდერძი არ შეუდგენია, გარდაცვალების შემდეგ ორი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა და ერთ-ერთმა შეიტანა განცხადება სამკვიდროს ნახევრის მიღებაზე, არ უნდა ჩაითვალოს, თითქოს ის უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე.
კითხვა: არის თუ არა კანონით გათვალისწი-ნებული რაიმე გამონაკლისი იმ საერთო წესიდან, რომ სამკვიდროს მიღებაზე ან მის ნაწილზე უარის თქმა არ დაიშვება?
პასუხი: დიახ, ასეთი შემთხვევაში კანონი უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს:
ა) მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე, მაგრამ ეს არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე საერთოდ უარის თქმად;
ბ) თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე. მაგალითად, თუ ანდერძით მემკვიდრეს ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონებიდან ეკუთვნის წილი, როგორც კანონით მემკვიდრეს, მას შეუძლია მიიღოს ერთი და უარი თქვას მეორეზე, მაგრამ ეს უარი არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე საერთოდ უარის თქმად;
გ) მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.
მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. მაშასადამე, მემკვიდრეს უფლება არ აქვს უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მემკვიდრეთა რიცხვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე ასეთ პირთა სასარგებლოდ, მაშინ უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.
კითხვა: როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს უარს?
პასუხი: მსგავს შემთხვევაში მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწვეულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი განაწილდება მათ შორის, მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შესაძლებელია, მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთი იყოს მოცემული რიგის მემკვიდრეთა შორის. ასეთ შემთხვევაში, სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.
სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. მემკვიდრემ, რომელიც უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, შეუძლია მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების არარსებობისას, მისი წილი თანაბრად გადანაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც სამკვიდროს მიღებაზე უარი იყო ნათქვამი.
როგორც აღვნიშნეთ, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირების სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. ისმება კითხვა: კანონი ამ შემთხვევაში გულისხმობს უარის თქმას იმ რიგის მემკვიდრეთა სასარგებლოდ, რომელთაც ეს მემკვიდრე ეკუთვნის, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე, თუ საერთოდ ყველა მემკვიდრის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, თუ კანონით მემკვიდრეთა რომელ რიგს მიეკუთვნებიან ისინი? კანონის მითითებიდან გამომდინარე, უნდა ჩავთვალოთ, რომ იგულისხმება ყველა კანონით მემკვიდრე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ისინი.
გამომდინარე იქიდან, რომ მემკვიდრეს არ აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მემკვიდრეთა რიცხვს, ისმება საკითხი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შვილიშვილების სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კანონით მემკვიდრეთა დამოუკიდებელ კატეგორიას და სამკვიდროს იღებენ წარმომადგენლობის უფლებით. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შვილიშვილების სასარგებლოდ დასაშვებია, თუ ისინი წარმოადგენენ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებს. შვილიშვილები კი კანონით მემკვიდრეებად მხოლოდ მაშინ ჩაითვლებიან, როცა სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.
როგორც ცნობილია, თუ მემკვიდრეები არ არიან ან მათ უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე, სამკვიდრო ხაზინის საკუთრებაში გადადის. ხაზინას არ აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.
კითხვა: შეუძლია თუ არა მემკვიდრეს უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მან სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ?
პასუხი: არა, ვინაიდან კანონის თანახმად, არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების ან სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე.
რაც შეეხება მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს. მაგალითად, როცა მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და განაგრძობს მისი ქონებით სარგებლობას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ითვლება, რომ სამკვიდრო მიიღო, მაგრამ მას უფლება აქვს დადგენილ ვადაში უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, ამის შესახებ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით. ასეთ შემთხვევაში, ადგილი აქვს სამკვიდროს მიღების პრეზუმფციას, რომელიც შეიძლება უარყოფილ იქნეს სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ.
სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით შესაძლებელია, თუ დავალებაში (მინდობილობაში) სპეციალურადაა გათვალისწინებული უფლებამოსილება უარის თქმის შესახებ.
სამკვიდროს მიღებისა და უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ამდენად, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან მემკვიდრე, რომელიც სამკვიდროს მიიღებს, ითვლება ქონების მესაკუთრედ, მას წარმოეშობა უფლება ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე, ასევე ქონებაზე ხარჯების გაწევის მოვალეობა და ა.შ., ხოლო მემკვიდრეს, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ასეთი უფლებები და მოვალეობები არ აქვს სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე.
ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მემკვიდრეობის სამართალს არა მარტო სამოქალაქო სამართალში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უაღრესად დიდი ადგილი უკავია. შესაბამისად, როგორც სამკვიდროს მიღება, ისე უარი მის მიღებაზე, სამართლის აღნიშნული დარგის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია და ერთნაირად წყდება როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს.
რამდენიმე მემკვიდრის არსებობისას, სამკვიდრო უნდა გაიყოს. სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ: თუ მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, მაშინ გაყოფა მოხდება სასამართლო წესით. სასამართლომ, ქონების გაყოფისას, მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე მუსიკოსია და სამკვიდროში შედის როიალი, ბუნებრივი იქნება, ეს ინსტრუმენტი მას ერგოს. სასამართლოში სამკვიდროს გაყოფის საქმის განხილვისას, პროცესის ყველა სტადიაზე დასაშვებია მხარეთა შეთანხმება (მორიგება), რაც სასამართლოს მიერ უნდა დადასტურდეს.
სამკვიდროს გაყოფისას, ქონება, როგორც წესი, ნატურით იყოფა. თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა ნატურით, როგორც მოძრავი, ასე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი გამოყოფა შესაძლებელია ან აკრძალული არ არის კანონით. მაგალითად, როცა სამკვიდრო საგანი გაუყოფადი, ე.ი. ისეთი ნივთია, რომლის ნატურის სახით გაყოფა გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას, მაშინ, თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ასეთი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება და ხდება მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით.
სამკვიდროს გაყოფისას მხედველობაში მიიღება ქონება, რომელიც მამკვიდრებელმა სიცოცხლეში აჩუქა მემკვიდრეს. თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრად მიიღო მამკვიდრებლისგან სამკვიდროს გახსნამდე 5 წლის განმავლობაში.
კითხვა: ქონების გაყოფისას მემკვიდრეებს რა შემთხვევაში აქვთ უპირატესი უფლება?
პასუხი: მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის. მაგალითად, თუ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს, დავუშვათ, მამას და შვილს, აქვთ საერთო საკუთრება რაიმე ქონებაზე, მაშინ მამის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი წილი ამ საერთო ქონებაში შევა. სწორედ ამ წილის მემკვიდრეობის უპირატესი უფლება აქვს შვილს, რომელიც თანამესაკუთრე იყო.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მემკვიდრეობით მიღების უპირატესი უფლება აქვს მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად.
უპირატესი უფლების განხორციელება ისე უნდა მოხდეს, რომ გათვალისწინებული იქნეს სამკვიდროს გაყოფაში მონაწილე სხვა მემკვიდრეების ქონებრივი ინტერესები. უპირატესი უფლების განხორციელებისას, თუ დანარჩენი ქონება სხვა მემკვიდრეების წილის მისაღებად საკმარისი არ იქნება, მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია. საკომპენსაციო თანხა შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ მემკვიდრეს, რომელმაც ისარგებლა უპირატესი უფლებით, მისი ერთდროულად გადახდა არ შეეძლოს. ასეთ შემთხვევაში, მას შეიძლება მიეცეს სათანადო დრო, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, მაგრამ ეს დრო არ შეიძლება იყოს 10 წელზე მეტი.
მემკვიდრე მამკვიდრებელის არა მხოლოდ უფლების, არამედ მოვალეობის მონაცვლეა. მემკვიდრეები, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ასეთივე მოვალეობა ეკისრება ხაზინასაც, თუ უმკვიდრო ქონება მასზე გადავიდა.
როდესაც რამდენიმე მემკვიდრეა, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია მამკვიდრებლის ვალებზე მიღებული წილის პროპორციულად, მიუხედავად იმისა, კანონით მემკვიდრეები არიან, თუ ანდერძით. შესაძლებელია მათი სოლიდარული პასუხისმგებლობაც.
კანონი გამონაკლისს არ უშვებს არც იმ მემკვიდრეთა მიმართ, რომლებმაც სავალდებულო წილი მიიღეს. ისინი პასუხისმგებელნი არიან მამკვიდრებლის ვალებისთვის.
კითხვა: შეუძლია თუ არა მოანდერძეს, მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ, ან რამდენიმე მემკვიდრეს?
პასუხი: დიახ, შეუძლია. ამ შემთხვევაში, დანარჩენი მემკვიდრეები, შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდებიან ვალის გადახდის მოვალეობისაგან. ამასთან, ცხადია, მოანდერძე ვერ დააკისრებს მემკვიდრეს ისეთი ვალის გადახდას, რომელიც აღემატება სამკვიდროს ოდენობას. თუ მამკვიდრებელმა ვალების გადახდა ერთ-ერთ მემკვიდრეს დაავალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მემკვიდრის მიერ მიღებული სამკვიდრო საკმარისი არ არის ვალების გასასტუმრებლად, მაშინ, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ კრედიტორთა მოთხოვნები, ვალების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა სხვა მემკვიდრეებს უნდა დაეკისროთ.
მამკვიდრებლის კრედიტორებმა იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, 6 თვის განმავლობაში უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს.
თუ მამკვიდრებელმა ქონება კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად.
კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მაშასადამე, კრედიტორები და მემკვიდრეები შეიძლება შეთანხმდნენ ნაწილ-ნაწილ გადახდაზეც.
კრედიტორებს არ შეუძლიათ მოითხოვონ დაკმაყოფილება იმ ქონებიდან, რომელიც მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა სიცოცხლეში.
სამკვიდროს გახსნის შემდეგ, ზოგჯერ მემკვიდრეები ადგილზე არ არიან ან არ იციან სამკვიდროს გახსნის შესახებ; ზუსტად არ არის ცნობილი სამკვიდროს შემადგენლობა, მემკვიდრეთა რაოდენობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ზომების მიღება სამკვიდროს დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამკვიდროს დაღუპვა, გაფუჭება, დატაცება და ა.შ. აღნიშნულის გამო, კანონით დადგენილია, რომ ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე, ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე.
კითხვა: აქვს თუ არა უფლება განკარგოს სამკვიდრო იმ მემკვიდრემ, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებამდე შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვას?
პასუხი: სამოქალაქო სამართლის კოდქსის 1427 ე მუხლით დადგენილია, რომ მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არ აქვს განკარგოს სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, მემკვიდრეს შეუძლია სამკვიდროდან გასწიოს ის აუცილებელი ხარჯები, რაც აღნიშნული მუხლითაა გათვალისწინებული.
სანოტარო ორგანო, ქონების დაცვის მიზნით, აღწერს სამკვიდროს და გადასცემს შესანახად მემკვიდრეს ან სხვა პირს, ამასთან, იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.
ზოგჯერ აუცილებელია სამკვიდროს მართვა. ასეთ შემთხვევაში, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი დაინიშნება მაშინაც, როცა მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმასრულებელი. მმართველს უნდა მიეცეს უფლება, სამკვიდროდან გასწიოს ხარჯები მხოლოდ სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე.
მემკვიდრედ მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდროზე უფლების მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მასში მოხსენიებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს და სამართლებრივ ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სასამართლოს მიერ.
კითხვა: როდის შეიძლება მიეცეთ მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა?
პასუხი: სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. კანონი ადგენს ვადას (ექვს თვეს), რომლის განმავლობაშიც არ დაიშვება მოწმობის გაცემა, მაგრამ არ ზღუდავს მოწმობის გაცემის ვადებს და მის გაცემას შესაძლებლად მიიჩნევს ყოველ დროს.
ზოგიერთი შემთხვევისთვის დაშვებულია სამკვიდრო მოწმობის გაცემა ექვს თვეზე ადრე. კერძოდ, ეს იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
სამკვიდრო უფლების მოწმობა მიეცემათ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, ე.ი. მემკვიდრეებს, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ და მართავენ სამკვიდროს ან შეიტანეს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. მოწმობის მისაღებად მემკვიდრეებმა უნდა წარადგინონ სამკვიდროზე უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებანი.
კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, ნოტარიუსი ამოწმებს მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტს, სამკვიდროს გახსნის დროსა და ადგილს, მამკვიდრებელთან იმ პირების ნათესაურ ან სხვა ურთიერთობების არსებობას, რომლებმაც შეიტანეს განცხადება მოწობის გაცემის თაობაზე, იმ ქონების შემადგენლობას, რომელზეც უნდა გაიცეს მოწმობა. ანდერძით მემკვიდრეობისას სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს, გარდა მითითებულისა, ნოტარიუსი ამოწმებს ანდერძის არსებობას, არკვევს იმ პირთა წრეს, რომლებსაც უფლება აქვთ სავალდებულო წილზე და სხვა.
არასრულწლოვან და ქმედუუნარო მემკვიდრეთა სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ნოტარიუსი ატყობინებს (უგზავნის მოწმობის ასლს) მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით.
სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს სასამართლო.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა