შოვგი მეჰდიზადე: აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს კეთილდღეობით » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : შოვგი მეჰდიზადე: აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს კეთილდღეობით
ნანახია: 2506

შოვგი მეჰდიზადე: აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს კეთილდღეობით
აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მეზობელ სახელმწიფოსთან არსებული ურთიერთობები ბოლო დროს დღითიდღე აქტიურდება და კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. განსაკუთრებული ტემპით ვითარდება ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები: აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი გახდა. საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვრიდან აგვისტომდე აზერბაიჯანთან საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 426,6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22,7 პროცენტით აღემატება. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში ბატონ შოვგი მეჰდიზადეს.

- ბატონო შოვგი, თქვენი აზრით, როგორი ბიზნეს-გარემოა დღეს საქართველოში? რამდენად მოსწონთ უცხოელ ინვესტორებს ქართული საგადასახადო სისტემა?

- ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების წარმატებით განხორციელების უმთავრესი ფაქტორი ქვეყანაში უცხოური კაპიტალის არსებობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, საქართველოს ბიზნესის სფეროში უცხოეთის ქვეყნების რეპრეზენტატიულობაა. ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლები, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებაში მონაწილეობენ, აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკური რეფორმები მიზანდასახულად ხორციელდება. ბუნებრივია, აზერბაიჯანული კომპანიები განზე არ გამდგარან და საკმაოდ აქტიურობენ: აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია - "SOCAR"-ი წელსაც საქართველოში გადასახადების ყველაზე მსხვილ გადამხდელად დასახელდა. უმსხვილესი კომპანიების გარდა, რომლებმაც მრავალი სამუშაო ადგილი შექმნეს, მოქმედებს 100-ზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული აზერბაიჯანული კომპანია, ასევე ფირმის ერთობლივი კაპიტალით განხორციელებული ბიზნეს-პროექტები. რაც შეეხება საქართველოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობას: აზერბაიჯანულმა კომპანიებმა საქართველოს რეალურ სექტორში დღემდე 500 მილიონ დოლარზე მეტი განახორციელეს, თუ არ ჩავთვლით სხვა კაპიტალდაბანდებებს ნავთობოსა და გაზის სექტორში, ნავთობსადენებში და სხვა. ეს კი აშკარად ეკონომიკური რეფორმების წარმატებით რეალიზაციაზე, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე მეტყველებს... თუმცა, მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება – საჭიროა ორიენტირება რეიტინგებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე... საქართველო ამ სიებში სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით საკმაოდ მაღალ ადგილებზე იმყოფება. თანდათანობით სულ მაღლა და მაღლა სწრაფვაა საჭირო, ამისათვის კი აუცილებელია, რომ რეფორმების მიზანდასახულობა გაგრძელდეს.

- თქვენი აზრით, რამდენად მოქნილი და ლიბერალურია დღევანდელი საგადასახადო სისტემა მეწარმეებისთვის? რამდენად უწყობს ხელს იგი ბიზნესის განვითარებას?

- ყველაფერი შედარებითია: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების კიდევ უფრო მეტად მოქნილი პოლიტიკა მისასალმებელია – ეკონომიკის განვითარების საფუძველი ხომ სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეობაა! უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი წარმატებები ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური რეფორმების წარმატების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ამ ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენელთა შემოსვლა ქართულ ბაზარზე.

- როგორ შეადარებდით აზერბაიჯანულ და ქართულ საგადასახადო პოლიტიკას?

- გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვარ საგადასახადო საკითხების ექსპერტი, მაგრამ ჩვენი კომპანიების მუშაობის გამოცდილებიდან, პრესის პუბლიკაციებიდან და ანალიტიკური დოკუმენტებიდან ვიცი, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემები პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეთა შორისაა. დღეისათვის საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს ბიზნესის რეგისტრაციისას. აზერბაიჯანში ეს პროცესი იმდენად გამარტივებულია, რომ ბიზნესის რეგისტრაციისას კომპანია, გადასახადების სამინისტროს გარდა, სხვა არც ერთ სტრუქტურას არ მიმართავს. ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ახლად დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი აზერბაიჯანში მკვეთრად გაიზარდა. ამ სიახლის წყალობით, იხარჯება გაცილებით ნაკლები დრო, თანხა, ახალი ბიზნესის რეგისტრაციისათვის კი, ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე საათია საჭირო. გარდა ამისა, ჩვენმა საგადასახადო სტრუქტურებმა ბოლო ხანებში კიდევ უფრო გაამყარეს და გააფართოვეს ორმხრივი კავშირები, რათა მუშაობის მოწინავე მეთოდები ერთმანეთს გაუზიარონ. როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო სისტემებში ყველაზე ფასეული რამ არის სტაბილურობა: ახლად შემოღებულმა საკანონმდებლო დოკუმენტებმა უნდა მისცენ დრო კომპანიებს რეგულირების ახალ წესებზე მოსარგებად. ეს ყველაფერი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებიდანაც გამომდინარეობს. საქართველო უკვე ამ ორგანიზაციის წევრია, აზერბაიჯანმა კი განახორციელა ამ ორგანიზაციის მოთხოვნათა შესაბამისი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და უახლოეს მომავალში ეცდება მასში გაწევრიანებას. ჩვენი ქვეყნების როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო სისტემების შემდგომი ლიბერალიზაციის, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი კლიმატის გაუმჯობესების ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. ეკონომიკური განვითარების საუკეთესო მაჩვენებლებსაც ის ქვეყანა მიაღწევს, რომელიც ამ მიმართულებით უფრო წარმატებული იქნება.

- სსრკ-ს დაშლამ გამოიწვია იმ ეკონომიკური კავშირების მოშლა, რომლებიც მასში შემავალ სახელმწიფოებს აერთიანებდა. ბუნებრივია, ეს თითოეულ მოკავშირე რესპუბლიკაზე, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანზეც აისახა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ახალ ეკონომიკურ გზას _ საბაზრო ეკონომიკის გზას დაადგნენ. ყოველივემ თავისებური გავლენა იქონია სახელმწიფოთა შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზეც. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური კავშირები ნელ-ნელა აღდგა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ბიზნეს-სტრუქტურებმა შეასრულეს. დამეთანხმებით, ამ ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გარეშე. თქვენ, როგორც დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, როგორ შეაფასებდით ორ მეზობელ სახელმწიფოს _ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მხოლოდ პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე გაცილებით მაღალია. დღეისათვის ჩვენ, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ეკონომიკურად ვართ შეკავშირებული, ამიტომ, ნებისმიერი ცვლილება ამ სფეროში საქართველოსა თუ აზერბაიჯანში ჩვენს ქვეყნებზე ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს. აზერბაიჯანი ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე მყოფი ქვეყანაა. მაგალითად, 2009 წელს, როდესაც მთელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, აზერბაიჯანის ეკონომიკამ ეს პერიოდი მშპ-ს 9 პროცენტიანი ზრდით დაამთავრა. რაც უფრო მდიდარი ქვეყნები გვექნება, მით უფრო ამაღლდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონე. აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლებითა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდით. ჩვენი კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია უმოკლეს ხანში გაატარებს ღონისძიებებს საქართველოს სრული გაზიფიკაციის კუთხით, ყველა რეგიონისა და სოფლის ჩათვლით. როდესაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, აქცენტს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გატარებაზე, მოგების მიღებაზე ვერ გავაკეთებთ. არც კი ვიცი სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელიც დღეს აზერბაიჯანივით არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებული. ეკონომიკური განვითარების ყველა სპექტრში ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სხვა სფეროებში ჩვენს ურთიერთობებზეც აისახება. კულტურული ურთიერთობები ისტორიულად ვითარდება, მჭიდროა ურთიერთკავშირები პოლიტიკურ სფეროში, ვითარდება ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა ორგანოებს შორის, ღრმავდება თანამშრომლობა სოციალურ სფეროში... უკვე მეორე წელია, რაც ზამთარ-ზაფხულ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის დასვენების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წინ მდგარ უმნიშვნელოვანეს ამოცანად დღეს მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტებისთვის სათანადო პირობების შექმნა დგას. თავის მხრივ, იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც დასასვენებლად აზერბაიჯანში მიემგზავრებიან.

- ჩვენ საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს იმ აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობაზე, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიცია განახორციელეს. თუნდაც, მათ შორის უმსხვილესის - SOCAR”-ის დასახელებაც კმარა. ასევე მინდა აღვნიშნო ახლახან შემოსული, მაგრამ უკვე პოპულარული &№96;EMBAWOOD”-ი. სამწუხაროდ, არ გვაქვს წარმოდგენა, როგორ ვითარდება ქართული ბიზნესი აზერბაიჯანში. გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და რამდენად არსებითია ქართული ბიზნესის წილი აზერბაიჯანის ეკონომიკაში?

- სამწუხაროდ, საზოგადოებაში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჯერჯერობით ძალიან მცირეა ამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, ასეთი სიტუაციით სარგებლობას ის სტრუქტურები ცდილობენ, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით არ არიან დაინტერესებული. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ქართული ბიზნესი აზერბაიჯანში არანაკლები წარმატებით ვითარდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხოლოდ საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ ბიზნესს კი არ დავუჭიროთ მხარი, ამავდროულად დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს აზერბაიჯანულ ბაზარზე შესვლაში. ეს პრიორიტეტი გახლავთ. როდესაც აზერბაიჯანის საბაჟო, ან საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები ხორციელდება, ეს აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელს ეხება. საგადასახადო ცვლილებები ასევე ერთნაირად ეხება ქვეყანაში წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებას. ამ თვალსაზრისით შეუძლებელია არსებობდეს რამენაირი დისკრიმინაცია ან მიკერძოება ქართული კომპანიების მიმართ, რაც წელს რამდენიმე პუბლიკაციის თემად იქცა. აზერბაიჯანში დარეგისტრირებული ქართული კომპანიების რიცხვი 100-ზე მეტია. ზოგიერთი მათგანი, უმთავრესად, ქართული პროდუქციის – მინერალური წყლების, ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტითაა დაკავებული. ჩვენში ქართული პროდუქტები და სასმელები ძალიან პოპულარულია. ხანდახან ქართველი მწარმოებლები აზერბაიჯანის ბაზრით უფრო კმაყოფილი არიან, ვიდრე ქართულით, რადგან ბაზრის მოცულობა უფრო დიდია და გაყიდვების მოცულობაც, შესაბამისად, უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ზოგიერთი კომპანია სადისტრიბუციო ბიზნესშია ჩართული. თბილისისგან განსხვავებით, სადაც აზერბაიჯანული რესტორანი, პრაქტიკულად, არ არის, ბაქოში უამრავ ქართულ რესტორანს შეხვდებით. ისინი ყოველდღიურად მარაგდება საქართველოდან ჩატანილი პროდუქტებით და მათი რიცხვი ბაქოში უკვე რამდენიმე ათეულია. აზერბაიჯანში ქართული სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია. ჩვენში ძალიან უყვართ ხაჭაპური, სუპ-ხარჩო, საცივი... ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანათა შორის ერთ-ერთი უახლოეს მომავალში თბილისში ამ სფეროს განვითარებაა: გვსურს შევქმნათ ჩვენი რესტორნების გახსნისათვის საჭირო პირობები საქართველოში. შევეცდებით, ჩვენი თბილისელი მეგობრები რაც შეიძლება მალე გავახაროთ აზერბაიჯანული ნაციონალური კერძებით. გარდა ამისა, ძალიან პოპულარულია ჩვენში ქართული მუსიკაც, რომელსაც ხშირად მოისმენთ სხვადასხვა არხზე. აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების ასეთი დამოკიდებულება მოძმე ქვეყნის მიმართ მხოლოდ კი არ უნდა შენარჩუნდეს, უნდა განვითარდეს კიდეც. ამჟამად ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დავასახელებდი ერთობლივი საწარმოების შექმნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციას შექმნიდნენ: საკვებ პროდუქტებს, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციას, ტექსტილს. ამ მიმართულებით ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ასეთი კომპანიების საქმიანობას სტიმული მივცეთ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს აზერბაიჯანული ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია ქართული ბიზნესისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე ქართული კომპანიებისა და ქართული პროდუქციის რიცხვი გაიზარდოს.

- აზერბაიჯანული ბიზნესი ნელ-ნელა, თუმცა, თამამად იკიდებს ფეხს საქართველოში. მნიშვნელოვანია მისი ხვედრითი წილი ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა?

- ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში საქმიანობენ. საქართველოში ჩვენმა კომპანიებმა შექმნეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია – აზერბაიჯანული ბიზნეს-ასოციაცია &№96;AZEBI~. არსებობის ხანმოკლე პერიოდში ორგანიზაციამ მჭიდრო კავშირები დაამყარა თავის კოლეგებთან უცხო ქვეყნებში, აშშ-ის, თურქეთის, გერმანიის ბიზნეს-ასოციაციებთან და, რასაკვირველია, ქართველ კოლეგებთან. გარდა ამისა, საქმიანი და ეფექტური კონტაქტები დამყარდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ პრობლემებისა თუ რეკომენდაციების ადეკვატური ადრესაციისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ ბიზნესს ეხება. ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვაში, რაც ბიზნესისა და ხელისუფლების თანამშრომლობის დადებითი მაგალითია. ასევე დადებითად შევაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მუშაობას ამ სფეროში.
ვფიქრობ, მეტი სტიმული უნდა მიეცეს ბიზნესმენთა საზოგადოებრივ მუშაობას, რათა მათ უშუალოდ საკუთარი კომერციული საქმიანობის პარალელურად არ დაავიწყდეთ, რომ აქ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ. ამიტომ საზოგადოებრივი მუშაობის ჩატარება აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინც, გარკვეული მიზეზების გამო მოკლებულია ყურადღებასა და ზრუნვას...
გარდა ამისა, &№96;AZEBI~ ახალ კომპანიებსაც დაეხმარება კონსულტაციებით, ტექნიკურად და ორგანიზაციულად ბაზრის ათვისებაში. ახალბედებს ინფორმაცია, იურიდიული მომსახურების გაწევა სჭირდებათ, რათა თავდაჯერებულად იგრძნონ თავი აზერბაიჯანისა თუ საქართველოს ბაზარზე. მთავრობის, სახელმწიფოსა და, ამ შემთხვევაში, საელჩოს როლია ასეთი ინიციატივებისა და ამგვარი მუშაობის ყველანაირად მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ გზით ჩვენი კავშირები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაძლიერდება. მით უმეტეს, რომ არსებობს ძალიან ეფექტური თანამშრომლობის მაგალითები ხელისუფლების ყველა დონეზე (მთავრობათა შორის, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, ასევე პირადი მეგობრობა და ურთიერთობა) ისღა დაგვრჩენია, ვისარგებლოთ ასეთი პირობებით და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მეზობლები ვართ და გვაქვს ოპერატიულად გადაადგილების, საზღვრის გადაკვეთის საშუალება: დროის დანახარჯები ძალიან მცირეა. გარდა ამისა, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის აუცილებლობაც აღარ არის. ჩვენი მოქალაქეების ურთიერთობის გასაძლიერებლად საჭიროა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გამშვები სისტემის შემდგომი განვითარება და დახვეწა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული პატივისცემა, უფლებების დაცვა, უმნიშვნელო დარღვევებისას პრობლემის ადგილზევე, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე მოგვარების საშუალება და ა.შ. იქნებოდა შესაბამისი სამსახურების მიმართ ნდობის გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ზომები. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართული მხრიდან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე ესალმებიან.

ესაუბრა ეკა ჯიმშელაძე


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა